წინასასკოლო ასაკში კომპიუტერული თამაშები, როგორც სწავლების შემდგომ საფეხურზე წარმატების პირობა

ავტორები

  • მარეხ ნათენაძე
  • მარინე მურჯიკნელი

საკვანძო სიტყვები:

წინასასკოლო ასაკში კომპიუტერული პროგრამები, ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგის კომპიუტერული უნარები

ანოტაცია

2015 წელს ახალი პროფესიული სტანდარტით მომზადდა მოდულური პროფესიული პროგრამები, მათ შორის, მეხუთე საფეხურის პროფესიული პროგრამა „ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი“. სასურველია, პროგრამის ფარგლებში შეიქმნას ახალი მოდული, რომლის სწავლება ხელს შეუწყობს აღმზრდელი-პედაგოგისათვის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებას, მათში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც შესაბამისად შეცვლის თანამედროვე აღმზრდელი-პედაგოგის მიმართ მოლოდინებს. შედეგად, სააღმზრდელო გარემო გახდება საინტერესო და მიმზიდველი, აღსაზრდელებს განუვითარდებათ უნარები სკოლამდელი განათლების სტანდარტის შესაბამისად - სფერო: 4. შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა; ქვესფერო - 4.4. ტექნოლოგია; მიმართულება - 4.4.1. ტექნოლოგია. წინასასკოლო ასაკში კომპიუტერული თამაშებით ეფექტური და სახალისო გახდება სააღმზრდელო პროცესი. საკითხის კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები: _ კანონმდებლობის ანალიზი; _ რაოდენობრივი გამოკითხვა - სპეციალურად შედგენილი კითხვარების საშუალებით გამოკითხულ იქნენ წინასასკოლო ასაკის აღსაზრდელთა მშობლები და ბაგა-ბაღის აღმზრდელები და მენეჯერები; მათთან ჩატარებული სამუშაო შეხვედრები და ინტერვიუები. აღსანიშნავია, რომ წინასასკოლო ასაკში კომპიუტერული თამაშების გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებულ ინტერვიუებში მენეჯერების, აღმზრდელებისა და მშობლების დამოკიდებულება ძირითადად დადებითია მხოლოდ სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადოდ განვითარებული ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებში; _ წინასასკოლო ასაკის აღსაზრდელებთან განხორციელებული სასწავლო აქტივობები; _ მიღებული მონაცემების ანალიზი. შედეგად, წინასასკოლო ასაკში დასაშვებია სხვადასხვა კომპიუტერული თამაშების გამოყენება. ამ სახის სასწავლო-სააღმზრდელო გარემოში აღსაზრდელებს უვითარდებათ შემეცნებითი უნარები.
კომპიუტერული თამაშების გამოყენების შედეგად წინასასკოლო ასაკის აღსაზრდელებს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად უვითარდებათ ინტერესი სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების მიმართ, შეუძლიათ გამოიყენონ გრაფიკულ-კომპიუტერული პროგრამები, რომლის საშუალებითაც ხატავენ ან აწყობენ, აჯგუფებენ სხვადასხვა ფიგურებს. ასევე სტანდარტის შესაბამისად იჩენენ სიფრთხილეს და პასუხისმგებლობით იყენებენ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სააღმზრდელო გარემოში აღსაზრდელები არიან მეტად მოტივირებულნი, უყალიბდებათ სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება, რაც მათ დაეხმარება სკოლის დაწყებით საფეხურზე და შემდგომ ეტაპზე წარმატებულ სწავლაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2016-06-20