ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილი საგალობლების სახე-სიმბოლოთა საღვთისმეტყველო წყაროები

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ნათლისღების დღესასწაული, ჰიმნოგრაფიული ტექსტები, საღვთისმეტყველო წყაროები

ანოტაცია

ჰიმნოგრაფია ბიბლიურ სახისმეტყველებას ემყარება. სიმბოლოებით აზროვნებას საფუძველი წმიდა წერილში ეყრება. მაცხოვარი იგავებით ესაუბრება ერს. თავის ეპისტოლეებში მოციქული პავლე ძველაღთქმისეულ მოვლენებს სიმბოლურად უკავშირებს ხოლმე ახალ აღთქმას. ცალკეულ სახე-სიმბოლოები მყარი ფორმებით დამკვირდა და მეორდება საგალობლიდან საგალობელში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს სახე-სიმბოლოები მხოლოდ ჰიმნოგრაფიულ ტექსტებში არ გვხვდება. მათ უხვად იყენებს სასულიერო მწერლობის თხზულებები, თუმცა, ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტი სიხშირითა და მრავალფეროვნებით ისინი სწორედ ჰიმნოგრაფიულ ტექსტებში გვხვდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ჰიმნოგრაფს შეუძლია ნებისმიერი ჰიპოდიგმური თუ პარადიგმული მონაცემის გამოყენებით შეარჩიოს სიმბოლო-ალეგორია, მხატვრული ხერხი, ასოციაცია და სახეთა პარალელიზმი, რათა საკუთარი განწყობა, ემოცია მიიტანოს მსმენელამდე. თუმცა, ამ სიმბოლოების მიღმა უზარმაზარი ინფორმაცია, ერთგვარი ნარატივი იმალება, რომელიც საღვთისმეტყველო ცნობიერების მქონე მკითხველსა და მსმენელს მოითხოვს. ეს განსაკუთრებით ცხადად თვალსაჩინოვდება საუფლო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საგალობლებში. შუამდგომელი ძველისა და ახლისა რჯულისა, როგორც იოანე ნათლისმცემელს წმ. იოანე ოქროპირი უწოდებს, იუდეველებს სინანულისაკენ მოუწოდებდა და იორდანეში ნათლავდა. სწორედ ამით განამზადებდა ის უფლის გზას, რადგან მაცხოვარმა თავისი განკაცებით კაცობრიობას მისცა რჯული, დაფუძნებული სინანულსა და სიყვარულზე. ჰიმნოგრაფები მრავალი სახე-სიმბოლოთი ამკობენ იოანე ნათლისმცემელს და სწორედ სახისმეტყველებითი გააზრებით წამოსწევენ წინა პლანზე ნათლისღების დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობას, რომლის წყარო საღვთისმეტყველო ლიტერატურაა. აქვე შევნიშნავთ, რომ ძალიან ხშირად ჰიმნოგრაფიული ტექსტი თავადაა წყარო, განსაკუთრებით სიმბოლური თვალსაზრისით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-06-20