სახისმეტყველებითი ასპექტები ,,წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში"

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

წმ. იოვანე ზედაზნელი, სახისმეტყველებითი ასპექტები, ბიბლიური სიუჟეტები და ხატ-სახეები, დიოფიზიკური ცნობიერება

ანოტაცია

სამეცნიერო ლიტერატურაში ,,წმ. იოვანე ზედაზნელის ცხოვრების"
კვლევა სხვადასხვა თვალსაზრისით, კერძოდ, ტექსტოლოგიურ-
კოდიკოლოგიური, საღვთისმეტყველო და სახისმეტყველებითი ასპექტების გამოსავლენად კარგა ხანია მიმდინარეობს. ჩემი
სტატიის განხილვის საგანია ,,წმ. იოვანე ზედაზნელის ცხოვრების"
კიმენური რედაქციის რაობის, არსის, ღირებულების, ქართველი
ერის ისტორიაში ასურელ მამათა ღვაწლის, დამსახურებისა და
მნიშვნელობის განსაზღვრა, სახისმეტყველებითი ასპექტების, ბიბლიური
სიუჟეტებისა და ხატ-სახეების თხზულების პერსონაჟებთან
მიმართებების არსობრივი განხილვა, მასში გამოყენებული მხატვრულ-
გამომსახველობითი საშუალებების გამოვლენა, რათა დადგინდეს
თხზულების, როგორც საღვთისმეტყველო და ლიტერატურული
ნაწარმოების, ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში,
რისთვისაც უნდა შევისწავლოთ თხზულების მიმართება
ბიბლიასთან, ჰაგიოგრაფიულ და სხვა ლიტერატურულ თხზულებებთან,
პერსონაჟის წარმოსახვის ჰაგიოგრაფიული ხატმეტყველება,
ნაწარმოების მსგავსებები სხვა ასურელ მამათა შესახებ
დაწერილ თხზულებებთან, რაც დაგვეხმარება ,,წმ. იოვანე ზედაზნელის
ცხოვრების" იდეურ-მსოფლმხედველობრივი, მხატვრულგამომსახველობითი,
ესთეტიკური რაობა-რაგვარობის უკეთ გამოსავლენად
და დასადგენად.
როგორია ასურეთიდან//სირიიდან წამოსული წმ. იოვანეს გზა,
რაზე გადის იგი? როგორია ჰაგიოგრაფიული პერსონაჟი და რა
თვისებებითაა აღჭურვილი? რთულია გზა, რომელიც წმ. იოვანემ
აირჩია. იგი სულიერებით აღსავსე და განწმენდილი გონებით
შეუდგა ქრისტეს გზაზე სვლას, რაც ქანაანისაკენ მიმავალი აბრაამის
გზას მოგვაგონებს და ასეცაა გააზრებული თხზულებაში. წმ.
იოვანე, ,,ვითარცა ვარსკულავი", შუამდინარეთიდან გამობრწყინდა.
სირიიდან ჩრდილოეთით, ქართლში წამოსვლა გადაწყვიტა. მისი
ქართლს მოსვლა თხზულებაში ღვთის ნებითაა განსაზღვრული,
რაც ძველი და ახალი აღთქმის ჰიპოდიგმურ-პარადიგმული სახეებით
არის ნაჩვენები. წმ. იოვანეს ქართლისაკენ წამოსვლა სახარებისეული
ეპიზოდით, აღმოსავლეთით მოტყინარე ვარსკვლავისაკენ მოგვების სვლის ეპიზოდითაა შთაგონებული, რაც, აგრეთვე, სახისმეტყველებითად გასააზრებელია. წმ. იოვანე ზედაზნელის მოძღვრება, რომლითაც მან მიმართა თავის მოწაფეებს და რომელიც, რევაზ სირაძის ვარაუდით, თვით წმ. იოვანე ზედაზნელის მიერ შექმნილი ,,სწავლანი" უნდა იყოს, აღსავსეა საღვთო სიბრძნით, ზნეობრიობითა და ღმრთივსულიერობით. მის სიტყვებში გამოსჭვივის ქრისტიანული საღვთისმეტყველო ლიტერატურის ღრმა ცოდნა, დიდი სულიერი გამოცდილება, დამოკიდებულება ამქვეყნიურობისა და ზესთასოფლისადმი, ძველი და ახალი აღთქმის პრინციპების ბერმონაზვნურ ყოფაში გატარებისა და დოგმების დაცვის აუცილებლობა. წმ. იოვანეს მოძღვრებაში ახსნილია ანგელოზთა და კაცთა ბუნების, სოფლისა და ზესთა-სოფლის რაობა, ღვთისმეტყველების ღრმააზროვანი დებულებების საფუძველზე განმარტებულია, ვინ არის და რისთვის მოსულა ადამიანი; მან მოწაფეებს ადამის ცთომის, აკრძალული ნაყოფის გემოსხილვის ბიბლიური სიუჟეტიც გაახსენა, რათა უცთომლად სიარულს, ბერულ ღვაწლს მიჩვეოდნენ. მოწაფეები გააფრთხილა, რომ ღვთის მცნებებს არ გარდასულიყვნენ. წმ. იოვანე ზედაზნელმა აღასრულა სრბაი თვისი და დატოვა წმინდანის სახელი. მან და მისმა მოწაფეებმა უდიდესი მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარეს საფუძველი, ეს ლავრული ცხოვრება იყო, ხოლო სამონასტრო ცხოვრებას მოჰყვებოდა სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი საქმეებიც, რადგან მონასტერი ის ადგილი//სივრცე იყო, სადაც იწერებოდა თხზულებები, სრულდებოდა თარგმანები უცხო ენებიდან, ვითარდებოდა ხატწერა, ფრესკული მხატვრობა, ხუროთმოძღვრება, მიმდინარეობდა ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლება, მონასტრებში არსებობდა სამგალობლო სკოლები, რომლებსაც ერის სულიერი აღმზრდელის როლი ეკისრებოდა, რადგან იგი, როგორც სიტყვისა და მელოსის ნაზავი, მსმენელზე უდიდეს გავლენას ახდენდა. ყოველივე ამის სათავეებთან წმ. იოვანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები დგანან. ასურელ მამათა მოღვაწეობამ ღრმა კვალი გაავლო ქართული ეკლესიის, ქართული კულტურის, საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიაში. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მათ განსაკუთრებული, მოციქულებრივი, კონცეპტუალური როლი შეასრულეს ქართველი ერის ქრისტიანული მართლმადიდებლური აღმსარებლობის, დიოფიზიტური ცნობიერების დამკვიდრებაში, რაც ეპოქალური მოვლენა იყო.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-06-20