ადამიანის სახელთა სტრუქტურა-სემანტიკისათვის მეგრულში

(აკაკი ჭანტურიას „მეგრული სახელებისა“ და თანამედროვე მონაცემების მიხედვით)

ავტორები

  • ეკა დადიანი ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-1936-4897
  • ლუიზა ხაჭაპურიძე ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ქართველური ანთროპონიმია, სამეგრელოს ანთროპონიმები, ნასესხები ანთროპონიმები, ანთროპონიმთა სტრუქტურა და სემანტიკა

ანოტაცია

წარმოდგენილ სტატიაში შესწავლილია სამეგრელოს ანთროპონიმები სტრუქტურული და სემანტიკური თვალსაზისით. საანალიზოდ აღებულია აკაკი ჭანტურიას მიერ მეორე მსოფლიო ომამდე საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში – სამეგრელოში ჩაწერილი ანთროპონიმული მასალა, რომელიც შედარებულია თანამედროვე მონაცემებთან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე 2020-2023 წლების რეესტრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით). რვა ათეული წლის განმავლობაში სამეგრელოს ანთროპონიმიაში მომხდარი ცვლილებები ზოგადად იმ ტენდენციებს წარმოაჩენს, რაც ქართულ ანთროპონიმიაში შეიმჩნევა. მეგრული გვარსახელების სტრუქტურული მოდელები, წარმოების პრინციპი, მაწარმოებელი აფიქსები ძირითადად მსგავსია. სპეციფიკური წარმოების (ზმნური, კომპოზიტური) ანთროპონიმები დღეს თითქმის არ გამოიყენება (მოკო „მინდა“, უჩა-კოჩი „შავი კაცი“...). დავიწყებას მიეცა საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული ანთროპონიმები (ვალოდია, მელორი, მელსი...). სამწუხაროდ, ნელ-ნელა ქრება ქართული/ქართველური სახელებიც. თუ გასული საუკუნის 30-40-იან წლებში სამეგრელოში ინდიგენური ანთროპონიმები საკმაოდ გავრცელებული იყო, დღეს მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. მათ ადგილს უცხოური სახელები იკავებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, როგორც ქალის, ისე მამაკაცის სახელთა ათეულში კანონიზებული (ებრაულ-ბერძნული წარმომავლობის) სახელები ჭარბობს (ქალის სახელები: მარიამი, ელენე, ბარბარე, მართა... მამაკაცის სახელები: გაბრიელი, თომა, ალექსანდრე, იოანე, ანდრია, ლაზარე, ნიკოლოზი, გიორგი). ამასთან, სამეგრელოში, როგორც მთელ საქართველოში, გაჩნდა ევროპული / ლათინურ-ამერიკული (მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი და ორი სახელისგან შედგენილი) ანთროპონიმები (ქალის სახელები: ალექსანდრა, იოანა... ანამარია, ლიზამარია; მამაკაცის სახელები: ალი ალექსი, დანიელ-ვატო). მსგავსი წარმოების ანთროპონიმები ქართულისათვის დამახასიათებელი არ არის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-31