დიალექტიზმები და მხატვრული ნაწარმოების ენა

ავტორები

  • მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე

საკვანძო სიტყვები:

დიალექტიზმები, ლინგვისტური ანალიზი, პროზის ენა, დიალექტიზმების ფუნქციები

ანოტაცია

მხატვრული ნაწარმოების ენის შესწავლა ყოველთვის იქცევდა
განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
მკვლევრები განსაკუთრებულ და განსხვავებულ მიდგომებზე
საუბრობენ, როდესაც იხილავენ, ერთი მხრივ, პოეზიის ენას, ხოლო,
მეორე მხრივ, პროზის ენას. ნაშრომში, უპირველეს ყოვლისა, დავსვით
მხატვრული ენის რაობის საკითხი და განვიხილეთ მოსაზრებები
ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი ლინგვისტური ენციკლოპედიებისა
და მეცნიერული ნაშრომების მიხედვით. ამ საკითხის შესახებ
დასკვნის სახით ვამბობთ, რომ, როგორც ასეთი (ანუ ინვარიანტულად)
მხატვრული ლიტერატურის ენა შეიძლება დახასიათდეს როგორც იმ
ენობრივი საშუალებებისა და წესების სისტემა, რომლებიც ყველა
ეპოქაში განსხვავებულია, თუმცა თანაბრად იძლევიან საშუალებას
შექმნან მხატვრულ ლიტეარტურაში წარმოსახული სამყარო. სტატია
მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში ტერმინი ,,ლინგვისტური მნიშვნელობა"
განხილულია მისი უახლესი, ანუ გაფართოებული მნიშვნელობით:
ლინგვისტიკას მინიჭებული აქვს ენის ესთეტიკური ფუნქციის
შესწავლა, როგორც ლიტერატურის ელემენტისა, ასევე მხატვრული
ნაწარმოების კომპოზიციური სტრუქტურისა. სწორედ ლინგვისტური
ანალიზის ახალი მიდგომების გათვალისწინებით განვიხილავთ დიალექტისა
და თანამედროვე ქართული პროზის ენის ურთიერთმიმართების
საკითხს რევაზ მიშველაძის, თემურ ჭკუასელისა და ზელიმხან მაღრაძის
ნოველების მაგალითზე. მწერალთა შემოქმედების საფუძველზე
გამოვყოფთ დიალექტიზმების შემდეგ მთავარ ფუნქციებს: პერსონაჟების
მეტყველების ინდივიდუალიზაციას; ადგილობრივი კოლორიტის
გამოხატვას; დიალექტიზმების ესთეტიკურ ფუნქციას. ყურადღებას ვამახვილებთ
ერთ ფაქტორზე: მწერალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ
მის ნაწარმოებს გაიცნობენ განსხვავებული დიალექტის წარმომადგენლები
და ტექსტის დიალაქტური ელემენტებით ზედმეტი გადატვირთვა
არამიზანშეწონილია. ამგვარი ენობრივი ერთეულების გამოყენება
გამართლებული შეიძლება იყოს მხოლოდ ორი პირობით: ა) როდესაც
არ არსებობს სალიტერატურო ენაში ეკვივალენტი, ბ) სტილისტური
თვალსაზრისით უპირატესია დიალექტიზმი. ამიტომ მეორე პრინციპი
დიალექტიზმების გამოყენებისა მხატვრულ ლიტერატურაში არის
მათი გამოყენების მიზანშეწონილობა და სტილისტური განპირობებულობა. ამგვარი ანალიზის მეორე ეტაპად მივიჩნევთ ავთენტურ ტექსტებთან
შედარებას და იმ თავისებურებების გამოვლენას, რომელიც
აქვს მწერლის მიერ გამოყენებულ დიალექტს. სტატიაში განვიხილავთ
ტექსტოცენტრულ მიდგომას, ანთროპოცენტრულ მიდგომას, კოგნიტურ
მიდგომას. თითოეულ მათგანთან მიმართებით გამოგვაქვს შესაბამისი
დასკვნები.
ნაშრომში გამოყენებულია დაკვირვებისა და ანალიზის მეთოდები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-06-20