გვარი, როგორც ოიკონიმი

(ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის მაგალითზე)

ავტორები

  • ლელა თელიაშვილი

საკვანძო სიტყვები:

ანთროპონიმი, ანთროტოპონიმი, მხოლობითი რიცხვი, ტოპონიმი, ოიკონიმი, მეტონიმია

ანოტაცია

     ოიკონიმები  (დასახლებულ პუნქტთა სახელები)  ენის  ის ძირითადი ტოპონიმური ერთეულებია, რომელთა  უმთავრესი  ფუნქცია    კონკრეტული   ტერიტორიის  გამორჩეული ნიშნით მარკირება და  აღქმაა. ნომინაცია თავისი სემანტიკური მნიშვნელობით ცნებას   ასახავს, აქტუალიზებულია  ტერიტორიული მდებარეობა  და მისი  წარმოდგენა.  სახელდებული   ოიკონიმის  ეტიმონად ხშირად   ანთროპონიმიც გვევლინება.  ანთროტოპონიმური  წარმოშობის ნომინაციები,  კერძოდ,   გვარები ოიკონიმებად,  არაა უცხო ქართული ტოპონიმიისათვის.     ირემაძეები, ჭინკაძეები,    გოგაძეები, ხაბელაშვილები,  ქოქოლაძეები,  გოგოლაურთა, მიგრიაულთა, ვეშაგურნი  და სხვა სოფლებია საქართველოში.    მსგავსი მოვლენები სხვა ქვეყნების  ადგილის სახელთა ნომენკლატურაშიც მრავლადაა.

              დასახლებული   ტერიტორიის  გვარით ნომინირების    ძირითადი მოტივი  დომინანტი გვარის სიმრავლეა, ან მასთან დაკავშირებული   რაიმე,   მნიშვნელოვანი  ფაქტორი. ამ შემთხვევაში სახეზეა   გავრცელებული  კონცეპტუალური მოვლენა მეტონიმიის სახით. როცა მოტივაციის მიზეზი რეფერენტის გამორჩეული თვისებებია, ან საქმე გვაქვს სხვა გარემოებებთან, თუნდაც  განმასხვავებელ ასპექტებთან, რაც  მჭიდროდაა  დაკავშირებული „წყაროსა“  და „სამიზნე“ სახელს შორის,  მაშინ მათი მიმართება  მეტონიმურია. მეტონიმია  გულისხმობს ერთი საგნის სახელის  გადატანას  მეორე, „სამიზნე“ საგანზე,  რომელიც  იმავე კატეგორიას მიეკუთვნება, როგორც „წყარო“.   ოიკონიმის  ლინგვისტური ფორმირებისას  აპელატიური ლექსიკის   გრამატიკული  მაწარმოებლებით გაფორმება, გარკვეულწილად,   საზოგადოების განვითარების სხვადასხვა დროითა  და ვითარებით არის განპირობებული.  

            სამიზნე საკითხის ჭრილში  ახალციხის მუნიციპალიტეტის მრავალფეროვან ოიკონიმთა შორის აღსანიშნავია სოფლის სახელი მინაძე. მასთან დაკავშირებით  საინტერესოა ის ფაქტი, თუ რატომაა წარმოდგენილი გვარი ოიკონიმად   მხოლობითი რიცხვის ფორმით, როცა ამგვარ შემთხვევებში გვაროვნულ სახელებს ძირითადად მრავლობითი რიცხვის ფორმებით ვხვდებით, ვინაიდან    გვარით   ნომინირებულ  ტერიტორიებზე  მის წარმომადგენელთა  სიმრავლე  შეინიშნებოდა.    მართალია,  დღეს   გვარი, რომელიც  სოფელს  ჰქვია,  შეიძლება აღარ დასტურდებოდეს იქ,   როგორც მინაძის  შემთხვევაშია, თუმცა ოიკონიმები  იმდენად მყარი ბუნების არიან, რომ  ხანგძლივად   ინარჩუნებენ თვითმყოფადობას.   სწორედ ამგვარ  ადგილის სახელთა ჯგუფს მიეკუთვნება  ეპონიმური წარმოშობის  გამჭირვალე სემანტიკის მქონე სოფლის სახელი მინაძე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28