ქართული ქრისტიანული გალობის მრავალხმიანობისა და ძველი სანოტო სისტემის ქრონოლოგიისათვის

ავტორები

  • ნესტან სულავა

საკვანძო სიტყვები:

წმ. გრიგოლ ხანცთელი, მიქაელ მოდრეკილი, გალობა, ნევმა, მრავალხმიანობა, მუსიკალური აზროვნება და ცნობიერება

ანოტაცია

საეკლესიო გალობის მუსიკალური რაობის, მუსიკალური ფენომენის კვლევისას შესასწავლია ქრისტიანული გალობის განვითარების გზა, რასაც წერილობითი წყაროები, მართალია, გადმოგვცემენ, მაგრამ მათში დაცული ცნობები ძალიან მწირია. გალობის მატერიალიზება ერთჯერადი აქტია და, შესაბამისად, გალობა ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. დიდი ხნის განმავლობაში გალობის მელოდია არ ჩაწერილა. საქართველოს კულტურულ სივრცეში გალობის მრავალხმიანობა დამკვიდრდა უძველესი დროიდანვე, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან მალევე, რადგან ქრისტიანული გალობის მრავალხმიანობა ეროვნულ საფუძვლებს ემყარებოდა, ხოლო ნევმური სისტემა მას შემდეგ შემუშავდა, რაც ბიზანტიაში VII-VIII საუკუნეების მიჯნიდან ჩატარდა სამგალობლო და ჰიმნოგრაფიული რეფორმა. შეიქმნა ნევმური სისტემა, რომლის სათავეებთან წმ. იოანე დამასკელი დგას. ბერძნულ საგალობლებს ნევმები ერთ სტრიქონზე დაესმის, ქართულ ნევმურ სისტემას თავისი არსებითი ხასიათი და პრინციპი ჰქონდა, ეს იყო ნევმების სტრიქონსზედა და სტრიქონსქვედა ხაზებზე განთავსება, რითაც არსებითად განსხვავდება ბიზანტიურისაგან. საგალობო ნევმური სისტემის უძველესი ნიმუშები შემონახულია X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ-ლიტურგიკულ კრებულებში: ორ სინურ იადგარში Sin. 1, Sin. 14, შატბერდში 978-988 წლებში მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილ საწელიწდო იადგარში S-425 და XI საუკუნის ე.წ. იორდანეს ძლისპირთა და ღმრთისმშობლისანთა კრებულში - A-603. რამდენიმე ხელნაწერში ფრაგმენტულად დასტურდება ნევმების გამოყენება.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე დაიწყო ყოველივე ქრისტიანულის გაქართულება, მათ შორის გალობისაც და ქართულ საეკლესიო გალობაში ისევე შევიდა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მრავალხმიანობა, როგორც ქართულ ორიგინალურ ჰიმნოგრაფიაში ქართული საერო ლექსის მრავალსაუკუნოვანი ფორმები, კერძოდ, თექვსმეტმარცვლოვანი შაირი, ფისტიკაური და სხვანი; აგრეთვე, ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში ანტიკური არქიტექტურის ელემენტები. ქართული საეკლესიო გალობის გამრავალხმიანების პროცესი უნდა დასრულებულიყო VIII საუკუნეში ან მის დამლევს, როდესაც ბიზანტიურ ჰიმნოგრაფიაში დამთავრდა სამგალობლო რეფორმა.

საქართველოში სამგალობლო რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდა. მრავალხმიანობის კანონიზება წმ. გრიგოლ ხანცთელის სახელს დაუკავშირდა. მის მიერ  ლიტურგიკასა და ჰიმნოგრაფიაში ჩატარებული რეფორმა ეროვნული ხასიათისა იყო. მან შექმნა ქართული ეკლესიის კანონმდებლობა, მოამზადა ქვეყნის ერთიანობის იდეოლოგიური საფუძველი, ჩაატარა საბოლოო რეფორმა ქართულ საეკლესიო გალობაში და კანონიზებული გახადა მისი პოლიფონიურობა, რითაც გარდატეხა შეიტანა ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში, როდესაც IX საუკუნის 20-30-იანი წლების მიჯნაზე შექმნა „საწელიწდო იადგარი“, რის შემდეგაც დაიწყო საგალობელთა ნევმირებული ჩაწერა მისი უკეთ დახსომების მიზნით; შეიქმნა მეხური (ხმით შესასრულებელი) საწელიწდო იადგარები, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მიქაელ მოდრეკილის იადგარი, შემკული მუსიკალური ნიშნებით, ანუ ნევმებით. ჩვენი კვლევის სიახლე ისაა, რომ ნევმირებულ საგალობელთა შესახებ გამოყენებული ტერმინი „მეხური“, სხვა მნიშვნელობასთან ერთად, ქართული გალობის მრავალხმიანობას უნდა აღნიშნავდეს. საქართველოში ნევმირება, სანოტო ნიშნების გამოყენება, განაპირობა ქართული გალობის სხვათაგან, კერძოდ, ბიზანტიური, სირიული, სომხური გალობების ხასიათისაგან განსხვავებამ.

შეიქმნა სამგალობლო ტერმინოლოგიაც, რომელიც საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური თვალსაზრისით XII საუკუნეში განაზოგადა იოანე პეტრიწმა, როდესაც ქართული გალობის სამხმიანობა გამოხატა ტერმინებით „მზახრ, ჟირ, ბამ“.  

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ძალადობისა და რუსული ეკლესიის ენობრივი, ქართული სამგალობლო და საეკლესიო ფერწერის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ფონზე აუცილებელი გახდა საგალობლების ჩაწერა თანამედროვე ნოტებზე, რათა არ დაკარგულიყო საგალობელთა მელოდიის ცოდნა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით ფილიმონ ქორიძეს, ძმებს კარბელაშვილებს, რაჟდენ ხუნდაძეს, ექვთიმე კერესელიძეს. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28