სახარებისეული ციტატა ანა კალანდაძის პოეზიაში

ავტორები

  • ქეთინო გრძელიშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები:

სახარებისეული ციტატა, ძველი ქართული ტრადიცია, ალტერნატიული სივრცე, მოდერნისტული იდეა

ანოტაცია

           წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება ანა კალანდაძის პოეზიაში სახარებისეული ციტატებისა და ბიბლიური სიმბოლიკის გააზრებასა და მათი გამოყენების კონკრეტულ მხატვრულ ფუნქციას. კვლევა ემყარება მოსაზრებას, რომ ბიბლია, როგორც ქართული კულტურისა და ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლური ტექსტი, საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებით ხედვას. თუმცა, ანა კალანდაძის შემთხვევაში ბიბლიური ტექსტები არა მხოლოდ ტრადიციული რელიგიური ან ფილოსოფიური კონტექსტის გაგრძელებაა, არამედ თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური რეალობის სიღრმისეული გააზრების საშუალებაც.

ნაშრომში გამოკვეთილია, რომ ანა კალანდაძის პოეზიაში ბიბლიური ციტატები და მხატვრული სახეები განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის 60-70-იან წლებში, რაც უშუალოდ უკავშირდება საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ დამკვიდრებულ იდეოლოგიურ წნეხსა და ცენზურას. ასეთ რეალობაში პოეტისთვის სიტყვიერების ღია ფორმები შეზღუდული იყო, რის გამოც იგი სახარებისეულ ციტატებსა და ბიბლიურ სიმბოლოებს იყენებდა სათქმელის შეფარულად, მაგრამ ღრმა შინაარსით გადმოსაცემად. ამგვარი მიდგომა პოეტისთვის არა მხოლოდ ესთეტიკური საშუალება, არამედ ინდივიდუალური წინააღმდეგობისა და სულიერი თავისუფლების გამოხატულება იყო.

ნაშრომი ეყრდნობა როგორც უშუალოდ ანა კალანდაძის პოეტურ ტექსტებს, ისე მის თანამედროვე კრიტიკოსთა შეხედულებებს, მათ შორის რევაზ მიშველაძის, ავთანდილ ნიკოლეიშვილისა და ლაურა სორდიას ნააზრევს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ აფასებენ აღნიშნული მკვლევარები პოეტის შემოქმედებაში ბიბლიური ნაკადის გააქტიურების პროცესს.

     ამასთან, ნაშრომი ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით ცდილობს ანა კალანდაძის პოეზიაში ბიბლიური ციტატების გამოყენების მიზეზების კომპლექსურად გაანალიზებას. მათ შორის განსაკუთრებით ხაზგასმულია საბჭოთა რეპრესიული გარემო, პოეტისთვის აუცილებელი შემოქმედებითი თვითცენზურისა და სამოქალაქო პოზიციის შენარჩუნების რთული არჩევანი.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ანა კალანდაძის პოეზიაში სახარებისეული ციტატები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: 1) ციტატები, რომლებიც ეპიგრაფად წინ უძღვის ლექსებს; 2) ციტატები, რომლებიც ლექსის შიგნით, როგორც ტაეპები, ორგანულად ჩნდება; 3) ბიბლიური ეპიზოდები და იგავები  ტექსტში გადამუშავებული სახით გვხვდება. თითოეულ შემთხვევაში ბიბლიური ტექსტის გამოყენება არ არის უბრალო დეკორატიული ან ესთეტიკური ფუნქციის მატარებელი, იგი პოეტის სიღრმისეული სულიერი და სამოქალაქო დიალოგის ნაწილია თანამედროვეობასთან.

ნაშრომი ნათლად მიუთითებს, რომ ანა კალანდაძის პოეზიაში სახარებისეული ციტატების ინტერპრეტაცია ტრადიციისა და სიახლის ორგანულ შეზავებას წარმოადგენს, რაც ხაზს უსვამს პოეტის განსაკუთრებულ როლს ქართული ლიტერატურის განვითარებაში, ეროვნულ იდენტობასა და სულიერი წინააღმდეგობის კულტურის შენარჩუნებაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28